ელექტრონული ვიზა

  • რას წარმოადგენს ელექტრონული ვიზა? ელექტრონული ვიზა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოკლევადიანი მიზნით შემოსვლისა და მოგზაურობის ყველაზე მარტივი გზაა. ელექტრონული ვიზის მისაღებად საქართველოს საელჩოში მისვლა საჭირო არაა. ერთადერთი, რაც საქართველოში მომავალ უცხოელს მოეთხოვება, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება და სავიზო მოსაკრებლის საკრედიტო/სადებიტო ბარათით გადახდაა. განმცხადებელი ვიზას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს, რომელიც მან უნდა ამობეჭდოს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას თან იქონიოს.
  • რამდენი დღე დამჭირდება ელექტრონული ვიზის მისაღებად? ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.
  • ვის შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული ვიზა? ელექტრონული ვიზის მოთხოვნა შეუძლიათ იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან მოკლევადიანი მიზნით. დეტალური ინფორმაციისთვის მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „განაცხადის რეგისტრაცია“ და აირჩიეთ ქვეყანა სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის შესაბამისად.
  • რა გავაკეთო, თუ არ მაქვს თანმხლები დოკუმენტი? თუ არ გაქვთ თანმხლები დოკუმენტი, გააგრძელეთ რეგისტრაცია თანმხლები დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის შევსების გარეშე. აღნიშნულ სექციაში ყველა ველი დატოვეთ ცარიელი.
  • მომეთხოვება თუ არა ვიზის აღება, თუ საერთაშორისო სატრანზიტო ზონას არ ვტოვებ? არა, თუ საერთაშორისო სატრანზიტო ზონის დატოვებას არ აპირებთ, ვიზის აღება არ მოგეთხოვებათ.

განაცხადის რეგისტრაციის პროცედურა

  • შემიძლია თუ არა ენის არჩევა განაცხადის შესავსებად? არა, განაცხადის ფორმა ინგლისურად უნდა შეავსოთ.
  • გრაფაში „პირადი მონაცემები“ ადგილი არ არის დატოვებული მეორე სახელის ჩასაწერად. სად უნდა მივუთითო მეორე სახელი? მეორე სახელი მიუთითეთ უშუალოდ პირველი სახელის გვერდით, გრაფაში „სახელი“, ამასთან, პირველ და მეორე სახელს შორის უნდა იყოს სათანადო დაშორება.
  • ჩემი სახელი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება. რომელ გრაფაში უნდა მივუთითო ის? თუ თქვენი სახელი შედგება მხოლოდ ერთი ნაწილისგან (მხოლოდ სახელი ან მხოლოდ გვარი), მიუთითეთ ის გვარის გრაფაში.
  • განაცხადის შეტანის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ელექტრონულ სავიზო განაცხადში მითითებული მონაცემები საჭიროებს კორექტირებას, როგორ მოვიქცე? ახალი ელექტრონული სავიზო განაცხადი უნდა დაარეგისტრიროთ.
  • ჩემს ვიზას მალე ვადა გასდის. ვადის გასაგრძელებლად, აუცილებელია თუ არა თავიდან გავიარო ვიზის განაცხადის რეგისტრაციის მთლიანი პროცედურა? დიახ, ყოველი ახალი ვიზის მოთხოვნისას, თქვენ მოგიწევთ თავიდან გაიაროთ ვიზის განაცხადის რეგისტრაციის სრული პროცედურა.
  • საჭიროა თუ არა ჩემი თანმხლები პირებისთვის ცალკე ელექტრონული ვიზების აღება? დიახ. ცალკე ელექტრონული ვიზა სჭირდება თითოეულ მგზავრს, მიუხედავად ასაკისა.
  • რატომ უნდა შევიტანო ჩემი თანმხლები პირების შესახებ ინფორმაცია ჩემს პირად განაცხადში? მიზანშეწონილია მიუთითოთ ინფორმაცია თქვენი თანმხლები პირების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას თქვენი განაცხადების ერთობლივი განხილვა. გახსოვდეთ, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა შეავსოს ცალკე განაცხადი და წარადგინოს ცალკე დოკუმენტაცია.
  • განაცხადის შეტანის შემდეგ მივიღე დადასტურების შესახებ ელექტრონული შეტყობინება. არსებობს თუ არა განსაზღვრული ვადა განაცხადის დასადასტურებლად? დიახ. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დადასტურების ელექტრონული შეტყობინება ძალაშია მხოლოდ მომდევნო 1 საათის განმავლობაში. ამიტომ, დადასტურება უნდა მოახდინოთ ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან 1 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი გაუქმდება და განაცხადის შეტანის პროცედურის ხელახლა გავლა მოგიწევთ.

შეცდომები

  • დავასრულე განაცხადის შევსება, მაგრამ თქვენგან დადასტურების შეტყობინება არ მიმიღია. მიღებულია თუ არა ჩემი განაცხადი? გთხოვთ, ასევე შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტის 'spam' და 'junk' საქაღალდეები. თუ შეტყობინება არც იქ აღმოჩნდება, დააჭირეთ ღილაკს „ხელახლა გაგზავნა“. თუ დადასტურების შეტყობინებას ამჯერადაც ვერ მიიღებთ, მოგიწევთ წარადგინოთ ახალი განაცხადი და მიუთითოთ ელ-ფოსტის სხვა მისამართი.

გადახდა/თანხის ანაზღაურება

  • რას ნიშნავს CVV/CVC/CVC2 ნომერი? CVV/CVC/CVC2 არის სამნიშნა ნომერი, რომელიც მოცემულია თქვენი Visa/ MasterCard ბარათების უკანა მხარეს, ხელმოწერისთვის განკუთვნილი გრაფის ბოლოს.
  • რამდენია ვიზის საფასური? 20 აშშ დოლარი + 2% მომსახურების მოსაკრებელი.
  • როგორ უნდა განვახორციელო გადახდა? ელექტრონული ფოსტის მისამართის დადასტურების შემდეგ, გადახვალთ გადახდის ეტაპზე. სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების დადასტურებიდან 5 საათის განმავლობაში Visa ან MasterCard ბარათის მეშვეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება.
  • აუცილებელია თუ არა, რომ ბარათი იყოს ჩემს სახელზე? არა. აუცილებელი არ არის, რომ ბარათი იყოს თქვენს სახელზე.
  • მივიღებ თუ არა გადახდის დამადასტურებელ ქვითარს? ჩვენ არ გავცემთ გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. გადახდის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ გადახდის დამადასტურებელ შეტყობინებას. შეტყობინებაში მითითებული იქნება გადახდილი თანხა და განაცხადის სარეგისტრაციო დეტალები.
  • როგორ უნდა მოვიქცე გადახდის განხორციელებისას პრობლემის შექმნის შემთხვევაში? შეიძლება ბარათის გამცემ ორგანიზაციასთან დაკავშირება დაგჭირდეთ. შესაძლოა პრობლემა უკავშირდებოდეს საოპერაციო სისტემას ან ინტერნეტ ბრაუზერს (ბარათის გამცემი ორგანიზაცია კონსულტაციას გაგიწევთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სისტემაში შეგიძლიათ ბარათის გამოყენება). შეიძლება თქვენი კომპიუტერი ან ინტერნეტ ბრაუზერი ბლოკავდეს ონლაინ გადახდის კომპანიის მიერ გამოგზავნილ ქუქი ფაილებს.
  • ელექტრონული ვიზის განაცხადზე უარის შემთხვევაში, ამინაზღაურდება თუ არა გადახდილი თანხა? არა. ელექტრონული ვიზის საფასური ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
  • აღმოვაჩინე, რომ ელექტრონულ ვიზაში მითითებული ზოგიერთი მონაცემი არ ემთხვევა ჩემს სამგზავრო დოკუმენტში/პასპორტში შეტანილ მონაცემებს. შესაბამისად, ჩემი ელექტრონული ვიზა ითვლება ძალადაკარგულად. შემიძლია თუ არა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება? არა. განმცხადებელი პასუხისმგებელია თავის განაცხადში დაშვებულ თითოეულ შეცდომაზე.
  • ჩემი ელექტრონული ვიზის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შევძლებ თუ არა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას?  არა. ელექტრონული ვიზის საფასური ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები

  • რა დოკუმენტები დამჭირდება ელექტრონული ვიზის განაცხადის შესატანად? თქვენ დაგჭირდებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი, ფოტო და საკრედიტო/სადებიტო ბარათი.
  • რომელ ენაზე შემიძლია მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა? ყველა დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს ჩემი სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი? სამგზავრო დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 
    - მისი მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას არა ნაკლებ 3 თვით; 
    -დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ თავისუფალ გვერდს;
    -არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა შეიცავდეს არაოფიციალურ ჩანაწერებს.
    - დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში.
  • რას ნიშნავს „სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის მონაცემთა გვერდი“? ეს არის სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის ის გვერდი, რომელიც შეიცავს ძირითად ინფორმაციას მფლობელის შესახებ: გვარი, სახელები, ფოტოსურათი, დაბადების ადგილი და თარიღი, მოქმედების ვადა, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი და სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის ნომერი, და სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის გაცემის და მოქმედების შეწყვეტის თარიღები.
  • ჩემი შვილი ჩაწერილია ჩემს პაპსორტში. ელექტრონული ვიზის მისაღებად, საჭიროა თუ არა მისთვის ცალკე სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის დამზადება? დიახ. ასაკის მიუხედვად, თითოეულ მგზავრს ევალება აიღოს ცალკე სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი და ცალკე ელექტრონული ვიზა.
  • საქართველოს საზღვრის კვეთისას რა დოკუმენტებია საჭირო, რომ თან ვიქონიო?  
    -ჩემი სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი; 
    -მგზავრობის მიზანის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
    -სახცოვრებლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
    -სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა; 
    -საკმარის ფინანსური საშუალების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • როგორ უნდა დავასაბუთო ჩემი მგზავრობის მიზანი? მგზავრობის მიზნის დასაბუთება შეგიძლიათ მოწვევის, წარმდგენი ინსტიტუტის ან ორგანიზაციის წერილის ან მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენის გზით.
  • რას ნიშნავს სახცოვრებლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი?  სახცოვრებლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი გულისხმობს სასტუმროს ჯავშანს ან ქირავნობის ხელშეკრულების ასლს, რომელიც ფარავს მგზავრობის მთლიან პერიოდს, ან უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
  • რა მოთხოვნები არსებობს სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით? ვიზის მიღების მსურველი პირი უნდა ფლობდეს საქართველოში ყოფნის პერიოდში მოქმედ სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაფარავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს. სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა მოქმედებდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
  • როგორ უნდა დავასაბუთო, რომ ვფლობ საკმარის ფინანსური საშუალებებს? საკმარისი ფინანსური საშუალებების ფლობა შეგიძლიათ დაასაბუთოთ ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენის გზით: თქვენი საბანკო ანგარიშის უკანასკნელი 3 თვის ამონაწერი, სამსახურის შესახებ ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თქვენი თანამდებობისა და ხელფასის შესახებ, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სპონსორის წერილი. სპონსორის წერილი (დათარიღებული და ხელმოწერილი) უნდა მიუთითებდეს სპონსორის სრულ სახელსა და გვარს, მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს, განმცხადებელსა და სპონსორს შორის კავშირ-ურთიერთობას, მგზავრობის დანიშნულების ადგილსა და ხანგრძლივობას, სპონსორის მიერ გაწეული ხარჯების ჩამონათვალს.

ფოტოსურათთან დაკავშირებული მოთხოვნები

  • რამდენად ბოლოდროინდელი უნდა იყოს წარდგენილი ფოტოსურათი? თქვენს მიერ წარდგენილი ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში და უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ამჟამინდელ გარეგნობას.
  • რა პოზიაციაში უნდა ვიყო აღბეჭდილი ფოტოსურათზე? კამერის ობიქტივში უნდა იყურებოდეთ პირდაპირ. პროფილში გადაღებული სურათები არ მიიღება.
  • რა ადგილს უნდა იკავებდეს ჩემი თავის გამოსახულება ფოტოსურათზე? თავის სიმაღლე, რომელიც თხემიდან, თმის ჩათვლით, ნიკაპის ბოლომდე იზომება, ფოტოს საერთო სიმაღლის 50%-70%-ს უნდა შეადგენდეს.
  • მიიღება თუ არა თავსაბურავით გადაღებული ფოტოსურათი? შეგიძლიათ ფოტოსურათი გადაიღოთ ქუდით ან თავსაბურავით, თუ მას ყოველდღიურად ატარებთ რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. ფოტოსურათზე თქვენი სახე მთლიანად უნდა ჩანდეს, თავსაბურავი არ უნდა მალავდეს თქვენი თმის ხაზს ან არ უნდა ქმნიდეს ჩრდილებს თქვენს სახეზე.
  • შეიძლება თუ არა ბავშვის ფოტოზე გამოსახული იყოს მისი მშობელი ან მეურვე? არა. ფოტოზე მხოლოდ ბავშვი უნდა ჩანდეს. ამასთან, ფოტოკამერის ობიექტივში არ უნდა მოხვდეს რაიმე ისეთი საგანი, რომელსაც ბავშვი ეყრდნობა, მათ შორის, მშობლის მკლავები ან ხელები.
  • მისაღებია თუ არა ფოტოსურათი, რომლის ასლიც გადმოტანილია მართვის მოწმობიდან ან სხვა ოფიციალური დოკუმენტიდან? არა. ოფიციალური დოკუმეტებიდან გადმოტანილი ან ციფრულად დამუშავებული ფოტოსურათები არ მიიღება.
  • მისაღებია თუ არა მომენტალური ფოტოსურათები, ჟურნალში დაბეჭდილი ან კაბინაში გადაღებული დაბალი გარჩევადობის ფოტოსურათები? არა. მომენტალური ფოტოსურათები, ჟურნალში დაბეჭდილი, ან მობილური ტელეფონებით, ან კაბინაში გადაღებული დაბალი გარჩევადობის ფოტოსურათები, ასევე ფოტოსურათები, რომლებზეც პირი მთელი ტანითაა აღბეჭდილი, არ მიიღება. გთხოვთ, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს პარამეტრების დაცვით გადაღებული ფოტოსურათების სანახავად. 

ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა/მოქმედების ვადა

  • რა არის ჩემი ელექტრონული ვიზის მოქმედების ვადა? ელექტრონული ვიზის მოქმედების ვადა განსხვავდება სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის გამცემი ქვეყნის მიხედვით. დააჭირეთ მთავარ გვერდზე ღილაკს „განაცხადის რეგისტრაცია“ და აირჩიეთ თქვენი სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის გამცემი ქვეყანა, იმისათვის რომ ნახოთ რამდენი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ყოფნა საქართველოში.
  • რა განსხვავებაა ვიზის მოქმედების ვადასა და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობას შორის? მნიშვნელოვანია განისაზღვროს განსხვავება ვიზის მოქმედების ვადასა და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობას შორის. ვიზის მოქმედების ვადა, როგორც წესი, აღემატება ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობას. მოქმედების ვადა ადგენს ვიზით სარგებლობის პირველ და ბოლო დღეს. ვიზას ვადა ეწურება მისი მოქმედების ბოლო დღეს. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა ნიშნავს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც თქვენ გაქვთ უფლება იმყოფებოდეთ საქართველოში, მოცემული ვიზის მოქმედების ვადის ფარგლებში.
  • მივიღე ელექტრონული ვიზა 120 დღის მანძილზე 30 დღის გამოყენების უფლებით. გამოვიყენე 15 დღე და უკვე დავტოვე საქართველოს ტერიტორია, ვიზის მოქმედების ვადა ჯერ ამოწურული არ არის, შემიძლია დარჩენილი 15 დღის გამოყენება? დიახ. ამ ტიპის ვიზა გაძლევთ საშუალებას შემოხვიდეთ საქართველოში მისი მოქმედების ვადის განმავლობაში და დარჩეთ მაქსიმუმ 30 დღე მრავალჯერადი შესვლის უფლებით.
  • მივიღე ელექტრონული ვიზა 180 დღის მანძილზე 90 დღის გამოყენების უფლებით. გამოვიყენე 20 დღე და უკვე დავტოვე საქართველოს ტერიტორია, ვიზის მოქმედების ვადა ჯერ ამოწურული არ არის, შემიძლია თუ არა საქართველოში შემოსვლა? დიახ, თქვენ შეგიძლიათ საქართველოში შემოსვლა, სანამ თქვენი ვიზის მოქმედების ვადა არ ამოწურულა. გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ყოფნის მთლიანი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღიან პერიოდში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზის კალკულატორი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ განსაზღვროთ კიდევ რამდენი დღით შეგიძლიათ საქართველოში დარჩენა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

  • ჩემმა მეგობარმა შეიტანა განაცხადი ელექტრონულ ვიზაზე, მაინტერესებს, რა სტატუსი აქვს მის განაცხადს? ვის შეიძლება დავუკავშირდე? სავიზო განაცხადთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მიმოწერა კონფიდენციალურია. მხოლოდ განმცხადებელს, ან მის კანონიერ წარმომადგენელს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ვიზის გაცემის, ან ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
  • დაცულია თუ არა ჩემს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები? დიახ. თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ თქვენი სავიზო განაცხადის შესახებ გადაწყვეტლების მიღების მიზნით. განაცხადში წარმოდგენილი პეროსნალური მონაცემები დამუშავდება პეროსნალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტექნიკური დახმარების განყოფილება

  • შევიტანე განაცხადი ვიზის მისაღებად საქართველოს საელჩოში/საკონსულო დაწესებულებაში და მსურს მივიღო ინფორმაცია განაცხადის მსვლელობის შესახებ. შეიძლება თუ არა დახმარებისთვის მივმართო ტექნიკური დახმარების განყოფილებას? არა. განაცხადის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, უნდა მიმართოთ შესაბამის საქართველოს საელჩოს/საკონსულო დაწესებულებას.
  • შემთხვევით წავშალე ელექტრონული გზავნილი, რომლითაც ელექტრონული ვიზა გამომეგზავნა. როგორ მოვიქცე? გთხოვთ, დაუკავშირდეთ ტექნიკური დამხარების განყოფილებას: contact@evisa.gov.ge ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო საათები 09:00 - 18:00 (მსოფლიო კოორდინირებული დრო (UTC)/გრინვიჩის შუალედური დრო (GMT) GMT) +4 საათი.
  • ვერ ვხსნი ელექტრონული ვიზის ფაილს. როგორ მოვიქცე? ელექტრონული ვიზა იგზავნება PDF ფორმატში. თუ PDF ფაილი არ იხსნება, გადაამოწმეთ, ჩატვირთულია თუ არა Adobe Reader-ის პროგრამა თქვენს კომპიუტერში. Adobe Reader-ი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ შემდეგ ბმულზე: http://get.adobe.com/uk/reader/.